ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე – მევლუდ მელაძე

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძე, შვილის ნიკა ჯორჯაძის გარდაცვალებას ფეისბუქში ასეთი პოსტი მიუძღვნა.

„ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათე კლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას,“-წერს მევლუდ მელაძე.

შეგახსენებთ, 15 აპრილს ღამით თბილისში მომხდარ ავარიას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ხეს შეეჯახა. უკან მჯდომ ერთ-ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. სამი დაშავებული კლინიკაში არიან გადაყვანილი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

ცნობისთვის, გარდაცვლილი 16 წლის ნიკა ჯორჯაძე “აგროჰაბის” მარკეტინგის მენეჯერის, სალომე გველესიანისა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძის შვილია. სალომეს ნიკა პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

წყარო: 2020news.ge

Related posts