სასწრაფოს ბრიგადებს რომლებიც აქციაზე დაშავებულებს ეხმარებოდნენ ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

20-21 ივნისს აქციის დროს რუსთაველის გამზირზე მყოფი სასწრაფოს ბრიგადების ყველა წევრს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცემა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

“სასწრაფო დახმარების ბრიგადის თითოეული წევრის მიმართ მინდა ძალიან დიდი პატივისცემა გამოვხატო. ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო, ისინი როგორც გითხარით, 24 საათის განმავლობაში თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად ზრუნავდნენ რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენების დროს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც აქციის ღამეს მუშაობდნენ: “სამწუხაროდ არეულობის დროს ჟურნალისტებიც დაშავდნენ და მინდა, ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო”, – თქვა კალაძემ.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.

imedinews.ge

Related posts