პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე - მე გადავიხდი გირაოს - მირჩევნია, დამიჭირონ უფრო მნიშვნელოვანის კეთების გამო, ვიდრე გირაოს არ გადახდაა
7 წუთის წინ

ზურაბ ჯაფარიძე - მე გადავიხდი გირაოს - მირჩევნია, დამიჭირონ უფრო მნიშვნელოვანის კეთების გამო, ვიდრე გირაოს არ გადახდაა

ერთი კვირაა ჩემს გარშემო მთავარი თემაა, გადავიხდი თუ არა გირაოს... მე გადავიხდი ამ გირაოს, ოღონდ არა იმ არგუმენტების გამო, რომლებიც მესმოდა ეს დღეები, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე წერს.

მისივე განმარტებით, „ეს არ არის რეჟიმთან თანამშრომლობის ან არ თანამშრომლობის საკითხი“.

როგორც ჯაფარიძე წერს, მისი ხელმეორედ დაპატიმრების ძალიან მაღალი ალბათობაა, თუმცა, არ სჯერა, რომ ეს გირაოს გადახდაზეა დამოკიდებული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სწორედ მისი ქვეყანაში დარჩენა და ბრძოლის გაგრძელება გახდება ხელახალი პატიმრობის საფუძველი, ამიტომ, როგორც თავად განმარტავს, ურჩევნია მნიშვნელოვანი საქმის კეთების გამო ჩასვან საპატიმროში, ვიდრე გირაოს გადაუხდელობის გამო.

„წინასაახალწლო მილოცვების ტრადიცია არსებობს და მეც დამიწერია ასეთი ტექსტები, თუმცა ამჯერად მხოლოდ მილოცვის ტექსტი არ გამოვა. რაღაც სხვაც მაქვს სათქმელი: ერთი კვირაა ჩემს გარშემო მთავარი თემაა, გადავიხდი თუ არა გირაოს და ერთი კვირაა, ყველას ვპასუხობ, რომ ბოლოსკენ გადავწყვეტ. მივხვდი, რომ არასწორია ეს პასუხი. არ შეიძლება ამ სასპენსში ადამიანების დატოვება.

პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც მომწერეთ, ვინც მნახეთ, ვინც რუსთაველზე დამელაპარაკეთ, ყველას, ვინც რჩევა მომეცით. ზვიად ცეცხლაძეს განსაკუთრებით. ციხიდან რომ ჩემთვის იცლი და მეხმიანები, არც კი ვიცი, მადლობა როგორ შეიძლება გადაგიხადო.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ გირაოს თემა ჩემთვის არის პირადი საკითხი და ვერაფერი მაიძულებდა, ეს თემა განმეხილა პოლიტიკური მიზანშეწონილობის კუთხით. როცა რეჟიმი გაიძულებს გააკეთო რაღაც მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაგტეხოს და არ დამორჩილების შემთხვევაში გემუქრება ციხით, ეს ჩემთვის სცდება პოლიტიკურად სწორია/არასწორიას ფარგლებს და ხდება პირადი ამბავი. ეს არც რეჟიმთან თანამშრომლობა/არ თანამშრომლობის საკითხია. ჩემთვის მთავარია არ მივიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ღამე აღარ დამაძინებს და გამხდის დისფუნქციურს. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

მე გადავიხდი ამ გირაოს, ოღონდ არა იმ არგუმენტების გამო, რომლებიც მესმოდა ეს დღეები და მინდა ავხსნა ჩემი მოტივაცია.

ერთი - მე მგონია, რომ ჩემი ხელახლა გამოკეტვის ალბათობა არის ძალიან მაღალი, ოღონდ არ მჯერა, რომ ეს ამბავი დამოკიდებულია იმაზე, გადავიხდი თუ არა გირაოს. მე არ გავჩერდები. მე არსად წავალ ამ ქვეყნიდან და ჩემი გამოკეტვის მიზეზი იქნება ეს. ამჟამად მირჩევნია დამიჭირონ რაღაც უფრო მნიშვნელოვანის კეთების გამო, ვიდრე გირაოს არ გადახდაა.

მეორე - ჩემი სიჯიუტე ამ წლების განმავლობაში იქცა ერთი მხრივ ჩემს სისუსტედ, ხოლო მეორე მხრივ იარაღად რეჟიმის ხელში. ეს სიჯიუტე ხშირად მაქცევს ზედმეტად პროგნოზირებადად, რითაც რეჟიმი სარგებლობს. ამას ვერ ვიაზრებდი, მაგრამ მეგობარმა მიმახვედრა. ამას საბოლოოდ ვერ ვუშველი, მაგრამ როცა შემეძლება, ვეცდები არ გამოვაყენებინო ჩემი ეს თვისება ჩემსავე წინააღმდეგ.

და მესამე და მთავარი ფაქტორი ჩემთვის - ამ ჩემს გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩემი უახლოესი მომავალი. ჩემთვის ახლობელი ადამიანების, მათი ოჯახების, შვილების ბედიც დამოკიდებულია იმაზე, რას გადავწყვეტ. მე არ მინდა ჩემი გადაწყვეტილებით არავის შევუზღუდო მოქმედების არეალი. მითუმეტეს ადამიანებს, რომლებსაც ვიცნობ, რომლებთანაც ახლოს ვარ და რომელთა ოჯახებს, შვილებს ვიცნობ. არ მინდა ეს პასუხისმგებლობა. არ დამაძინებს ეს ღამე.

ამიტომ გადავიხდი ამ გირაოს და ამას ვამბობ ახლა, რომ ამ თემაზე ნერვიულობა არავის გადაყვეს ახალ წელს, არც ჩემს ოჯახში და არც იმ ადამიანების ოჯახებში რომლებიც ჩემთან ერთად არიან საერთო ბრძოლაში.

ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! არ ვიცი, როგორი იქნება, მაგრამ სულ გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, სულ გახსოვდეთ, რომ ეშინიათ, სულ გახსოვდეთ, რომ ეს ჯოჯოხეთი ჩვენი არაა და ჩვენი მორალი ავთანდილის ანდერძშია, სულ გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია დავმარცხდებით თუ არა და სულ გახსოვდეთ რომ სირთულეებისა და მსხვერპლის მიუხედავად ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია“, - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ასევე, მას საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინა, რაც „საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას“ გულისხმობს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები