კარასინი: მოსკოვი მზად იყო გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი, თუმცა ბოლო მოვლენების გამო გადაიდო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მოსკოვის რეაქციას „ხისტს, თუმცა ადეკვატურ ზომას“ უწოდებს. ამის შესახებ გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების დაწყებამდე რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ინტერვიუში განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა საქართველოში გამგზავრება შექმნილ პირობებში, „თუმცა სახელმწიფოს ამოცანაა, იყოს ხალხის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის სადარაჯოზე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.

კარასინის განმარტებით, შეზღუდვების გაუქმება საქართველოში რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის საშიშროების აღმოფხვრის” შემდეგ იქნება შესაძლებელი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კომენტარი სავიზო რეჟიმთან დაკავშრებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ  მოსკოვი მზად იყო გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი, თუმცა ბოლო დროის მოვლენების გამო ეს საკითხი გადაიდო. „დიახ, ნამდვილად, ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა და ჩვენ პრინციპულად მზად ვიყავით ამისთვის. თუმცა არ გამოვიდა, მოგვიწევს დაველოდოთ უკეთეს დროს”, – განაცხადა კარასინმა.

21 ივნისს, საღამოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანას უკრძალავს. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.

როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? – ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.

imedinews.ge

Related posts