რუსი დეპუტატი: ვწუხვარ, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო იზარალებს

რუსეთის დუმის დეპუტატი, საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე რუსულ-ქართული ურთიერთობების გაყინვას ითხოვს.

„გაბუნიას სახით ქართული ტელევიზია ისეთ ღრმა ფსკერზე დაეშვა, რომ მომავალში არაფერი გაგვაკვირვებს. მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო გაბუნიას საქციელი, მაგრამ ბოდიში არ მოუხდია. ვწუხვარ, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო იზარალებს, მაგრამ ასე იქნება. სიბინძურეზე პასუხი სანქცია იქნება. კიდევ ერთი სიბინძურე – კიდევ ერთი სანქცია, ყოველგვარი ემოციების გარეშე, სანამ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში რეფლექსები არ ჩამოყალიბდება“, – წერს დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

რაც შეეხება რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, პრიმაკოვის თქმით, ურთიერთობების გაყინვა სიტუაციას გააჯანსაღებს.

„ქართველი პატრიოტები ჯერ მათთვის თავის დანებებას ითხოვდნენ. როდესაც ჩვენ ვუთხარით, რომ – კეთილი, აღარ ჩამოვალთ, მიხედეთ საკუთარ თავს, ამას მტრული ნაბიჯი უწოდეს. ჩვენ ასეთი ზომების მიღება არ გვახარებს. მით უმეტეს პირადად მე, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს აუცილებელია“, – წერს დეპუტატი, რომელიც ყოფილი საბჭოთა და რუსი პოლიტიკური და სახელმწიფო ჩინოსნის, რუსეთის პრემიერმინისტრის, ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

„რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.

imedinews.ge

Related posts