ბაჩო ახალაია მტრის ჯინაზე კარგად არის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ბაჩო ახალაიას ცოლმა, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვაზე უპასუხა, თუ როგორ გრძნობს თავს ახალაია ან ჯანმრთელობის პრობლემები ხომ არ აქვს.
ნადარეიშვილის თქმით, საქმეში ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში უნდა დაიწყოს.
„დღევანდელი სასამართლო სხდომა არ გამოირჩევა წინა სასამართლო სხდომისგან, ისევ მიჰყავთ სხვა საქმიდან ნათხოვარი მოწმეები, ღობის ექსპერტები და ე.წ. დაზარალებული პოლიციელები, რომლებიც ბაჩო ახალაიასთან არანაირ კავშირში არ არიან და ვერ იქნებიან, ამას იქვე აფიქსირებენ სასამართლოს წინაშე, დარცხვენილი გამოდიან დარბაზიდან. იმის გამო, რომ ეს ყველაფერი თქვენ და საზოგადოებამ არ დაინახოთ, სხდომა დახურულია“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.