პოლიტიკა

საპარლამენტო ოპოზიციის დუმილი

საპარლამენტო ოპოზიციის დუმილი

საპარლამენტო ოპოზიციის დუმილი - 15 აპრილსა და 25 მაისს ორჯერ მივმართეთ საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოსთვის" საქართველოსთვის / For Georgia და ვთხოვეთ შეესწავლათ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" მიმართ განხორციელებული შერჩევითი და დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები.

⭕️ ვთხოვეთ, გამოეთხოვათ ინფორმაცია სხვა ტელეკომპანიებთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმებებისა და დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო უთანასწორო და შერჩევითი მიდგომის შეფასება.

⭕️ ვთხოვეთ, შეესწავლათ ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადაჭარბების, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობისა და კანონის არათანაბარი გამოყენების ფაქტები და კომპეტენციის ფარგლებში მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება.

⭕️ ასევე ვთხოვეთ, საკითხის შესწავლის საფუძველზე გამოეცათ რეკომენდაცია შერჩევითი სამართლისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ.

📌 ფრაქციას ვაცნობეთ, რომ ტელეკომპანია "თრიალეთზე" ხორციელდება სისტემური ზეწოლა, რომ კომპანია უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რომ არსებობს უახლოეს პერიოდში მაუწყებლობის შეწყვეტის რეალური საფრთხე და ვითხოვდით მხარდაჭერას ხელისუფლების მხრიდან უკანონო ზეწოლის შეჩერების მიზნით.

ამ დრომდე ფრაქციისგან არსებითი პასუხი არ მიგვიღია.

📌 ახლა კი მივიღეთ ფრაქციის თავმჯდომარის შალვა კერესელიძის წერილი, რომლითაც გვაცნობებს, რომ ჩვენი 17 აპრილს მიღებული მიმართვის საფუძველზე, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ - 15 მაისს - შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სთხოვეს ჩვენი საკითხის განხილვა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დახმარების გაწევა.

❎ ფაქტობრივად, თქვენ ჩვენი დახმარების თხოვნით მიმართეთ სწორედ იმ უწყებას, რომლის ქმედებებსაც ჩვენ უკანონოდ და დისკრიმინაციულად მივიჩნევთ.

📌 გვინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადოთ: ტელეკომპანია "თრიალეთი" ფინანსთა სამინისტროსგან არ ითხოვს დახმარებას. ჩვენ ვითხოვთ კანონის თანაბარ გამოყენებას, დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის შეწყვეტას, კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებებს.

სწორედ ამიტომ მოგმართეთ თქვენ.

ჩვენ არ გთხოვდით ჩვენი წერილის გადამისამართებას იმავე უწყებაში, რომლის მოქმედებებსაც ვასაჩივრებთ. ჩვენ გთხოვდით საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გამოყენებას; საკითხის შესწავლას; ფინანსთა მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარებას; ფაქტების დადგენასა და საჯარო შეფასებას.

❎ სამწუხაროდ, თქვენი რეაგირება მხოლოდ წერილის გადაგზავნით შემოიფარგლა.

კითხვა ჩნდება - როდესაც თვეები გადიოდა და არანაირი შედეგი არ დგებოდა, რატომ არ დაინტერესდით საკითხის მიმდინარეობით? რატომ არ მოითხოვეთ პასუხები? რატომ არ გამოიყენეთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია?

❎ ერთი წელია საჯაროდ ვსაუბრობთ ჩვენს პრობლემებზე. ვწერთ განცხადებებს, ვაგზავნით წერილებს, ვავრცელებთ სიუჟეტებს, ვასაჯაროებთ დოკუმენტებსა და ფაქტებს. მიუხედავად ამისა, ამ მთელი პერიოდის განმავლობაში არ მოგვისმენია თქვენი ფრაქციის არც ერთი საჯარო განცხადება მედიის თავისუფლების, კანონის წინაშე თანასწორობის, შერჩევითი სამართლის მიუღებლობისა და დამოუკიდებელი მაუწყებლის დაცვის მხარდასაჭერად.

❎ სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი ეხება მედიის თავისუფლებას, კანონის წინაშე თანასწორობასა და დამოუკიდებელი მაუწყებლის არსებობის რეალურ საფრთხეს, საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან სათანადო რეაგირება დღემდე არ ჩანს.

სწორედ ასეთ დროს უნდა ისმოდეს ოპოზიციის ხმა - მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი მედია ზეწოლაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს.

დუმილი ნეიტრალური პოზიცია არ არის.

როდესაც დამოუკიდებელი მედია დახმარებას ითხოვს, ხოლო ოპოზიცია ხმას არ იღებს, ეს დუმილი უნებლიედ იმ პროცესის თანამონაწილედ იქცევა, რომელმაც შესაძლოა კიდევ ერთი დამოუკიდებელი მედიის გაქრობა გამოიწვიოს.

დღეს საქმე მხოლოდ "თრიალეთს" არ ეხება.

საქმე ეხება იმას, იარსებებს თუ არა საქართველოში მომავალშიც თავისუფალი სიტყვის, კრიტიკული აზრისა და დამოუკიდებელი მედიის სივრცე.

➡️ და ბოლოს, მაინც მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის. მან საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ "თრიალეთის" გადარჩენის საქმეში თქვენი პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი აღარ უნდა გვქონდეს.

თქვენმა წერილმა დაგვანახა, რომ როდესაც დამოუკიდებელი მედია დახმარებას ითხოვს, საპარლამენტო ოპოზია არჩევს არა პრობლემის შესწავლას და რეაგირებას, არამედ დისტანცირებას. ეს არის ყველაზე მძიმე დასკვნა, რომელიც თქვენი პასუხიდან გამოვიტანეთ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები