გორის მერი რუს სამხედროებს ესაუბრა

ჩემთვის ძალიან რთული იყო ემოციურად ამ სიტუაციის ყურება, როდესაც ჩვენს მიწაზე იმყოფებიან და ღობავენ, – ამის შესახებ შვებულებიდან დაბრუნებულმა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა სოფელ გუგუტიანთკარში ჟურნალისტებს განუცხადა.

გორის მერის თქმით, ის ესაუბრა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს, რომლებმაც დღეს, 11:15 საათზე განაახლეს ბოძების მონტაჟი.

„მე მათთან მივედი, დაველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა და რატომ აკეთებენ ასეთ რამეს ჩვენს მიწაზე, მაგრამ ამაზე მათ პასუხი არ გამცეს, პირიქით, ზურგი შემაქციეს. უბრალოდ, ჩემი მოწოდება ეს იყო, რომ გაეჩერებინათ ახლავე და უკან წაეღოთ ეს, რასაც აკეთებენ. მაგრამ, ისევ ვიმეორებ, მათ ამაზე პასუხი არ გამცეს. ერთი ის თქვეს, რომ ჩვენ ვასრულებთ ბრძანებასო. ამიტომ, რა ვიცი მე, მთელი დღე აქ ვიქნები, ჩემს შესაძლებლობაში რაც შედის, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ასეთი უკანონობა არ მოხდეს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეჩერდეს და მომავალში აღარ იყოს, აღარ გაგრძელდეს ასეთი უკანონო ბორდერიზაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აღებული იქნება მავთულხლართები და გათავისუფლებული იქნება ეს ტერიტორია“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უთხრეს, რომ წყლის რეზერვუარს საოკუპაციო ზოლში არ მოაქცევენ და მოსახლეობა სარწყავი წყლის გარეშე არ დარჩება.

რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიას გორის მერის მიმართ, რომელმაც შექმნილი ვითარების მიუხედავად გონიოში შვებულება არ შეწყვიტა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განმარტა, რომ ეს საკითხი მეორეხარისხოვანია, რადგან მისი თქმით, ზღვაზე დასვენების პარალელურად მისი თანამშრომლებისგან მუდმივად იღებდა ინფორმაციას გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებზე.

„დარწმუნებული ვარ, მთავრობა ყველანაირ დახმარებას გაუკეთებს სამ მოსახლეს, რომელთა სახლ-კარი იქითა მხარეს დარჩა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემს შვებულებაზე საუბარი არის მეორეხარისხოვანი, მთავარია, რომ ის რვა ბიჭი დროზე გამოვიყვანოთ, რომელიც გაიტაცეს ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდან“, – განაცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ღობეების აღმართვა დღესგანაახლეს.

1tv.ge

Related posts