ზურაბიშვილი: ამ საპრეზიდენტო ვადით პოლიტიკურ კარიერას დავასრულებ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში თავის საპრეზიდენტო ვადაზე ისაუბრა.

Le Figaro-ს ჟურნალისტი დაინტერესდა, რა გამოწვევებს ხედავს სალომე ზურაბიშვილი მის წინაშე დღეიდან საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე.

„ეს გამოწვევა, პირველ რიგში, საქართველოს ევროპაში შეყვანაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ევროპის კავშირი ჩვენს აბსოლუტურ მიზანს წარმოადგენს. ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, მინდა, ასევე გადავჭრა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის საკითხიც. მინდა, რომ იქ შესვლის საშუალება გვქონდეს, რათა ასე სრულად პარალიზებული აღარ ვიყოთ. გარდა ამისა, მსურს გავაგრძელო საზოგადოების გარდაქმნა, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ იმ ცნობიერებიდან, რომელიც საბჭოთა წარსულის ნაკვალევს ატარებს. პრეზიდენტის პოსტი და ეს საპრეზიდენტო ვადა ჩემთვის ბოლოა, ვინაიდან არ ვაპირებ სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და არც პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას. ეს კი კიდევ უფრო დიდ დამოუკიდებლობას მანიჭებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის „ფიგაროსთან“ ინტერვიუს თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გამოცემის ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა რას უპასუხებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას.

ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს.

„წარსულში მე თვითონაც მოვიხსენიე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად. ის რუსეთში გამდიდრდა, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის გარემომცველ პირთა გარკვეული ნაწილი. საქართველოში ის დღეს ფილანტროპიულ საქმიანობასა და მეცენატობას ეწევა, მაგრამ ფულს არ აკეთებს, იმიტომ, რომ საქართველოში არ არის ისეთი გარემოებები, რომ მილიარდერი ან მილიონერი გახდე. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი პოლიტიკურად? დიახ, ის მნიშვნელოვანია. ივანიშვილმა მოახერხა, ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა. ის დღესაც არის უმრავლესობის პარტიის სათავეში და შესაბამისად, გავლენაც აქვს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

imedinews.ge

Related posts