„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, - ინფორმაციას ეუთო ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ელინა ვალტონენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„საქართველოში შეხვედრები ფოკუსირებული იქნება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად ეუთო-ს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფინეთი, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას და რომ ეს პრიორიტეტი ხაზგასმული იქნება ვიზიტის განმავლობაში.