ტრაქტორის ქვეშ მოყოლილი მამაკაცი დაიღუპა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ტრაქტორის ქვეშ 55 წლამდე მამაკაცი მოჰყვა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ტრაქტორი ქვიშით იყო დატვირთული და მან გამოსვლა ვერ მოახერხა.

„პატარა ხელის ტრაქტორი ჰყავდა, ე.წ.მოტო ბლოკი ქვიშის მოსატანად ყოფილა მარტო წასული, დაუტვირთია, გადაბრუნებულა და ქვევით მოყოლილა. დაახლოებით 10 წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო,“- განუცხადა „პრაიმტაიმს“ ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ვალერიან ქაცარავამ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე – 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

primetime.ge

Related posts