პრემიერი: მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე შეწყალება მიუღებელია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი ადამიანის შეწყალება პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკრიტიკა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ამ მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია.

„შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე  შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა – გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფორმით არ შეიწყალონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად ბრიფინგი თავად გამართა და განაცხადა, რომ წესების ცვლილებამდე პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.

ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.

საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ საკითხის ირგვლივ დამატებით განმარტებებს მოითხოვენ.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს.

2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.

imedinews.ge

Related posts