ხურვალეთის დევნილთა დასახლების პატარები რაგბს შეისწავლიან

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში ახალი პროექტი ამოქმედდა. სოფელ ხურვალეთის და ხურვალეთის დევნილთა დასახლების პატარებს საშუალება აქვთ რაგბი შეისწავლონ. პატარა მორაგბეებისთვის გორის მუნიციპალიტეტის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზე შედგა ჯგუფი, სადაც ისინი კვალიფიციური მწვრთნელების ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ. პატარები კვირაში რამდენიმე დღე გორის რაგბის სტადიონზე ივარჯიშებენ, საამისოდ კი ხურვალეთიდან გორში სპეციალურად მათთვის სპორტის სააგენტოს ტრანსპორტი იმოძრავებს. ამჟამად აღნიშნულ სექციაში 30–მდე პატარა სპორტსმენი მეცადინეობს. შეგახსენებთ, რომ გორში რაგბის სექცია რამდენიმე წელიწადია არსებობს და ახალგაზრდების ჩართულობაც მასში მზარდია, თუმცა ცხრინვალის რეგიონის სიახლოვეს, საოკუპაციო საზღვრის მიმდებარე სოფლებში სპორტის და რაგბის განვითარება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით სცდება სპორტის ცალკეული სახეობის განვითარების ფარგლებს.

 

Related posts