შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

“ყაზახეთის მოქალაქეს, ორივე ფეხის არეში, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და, გაუფრთხილებლობით, თავადაც მიიყენა მუხლის არეში ჭრილობა“ – პროკურატურა ელიზბარაშვილის მიერ უცხოელი მამაკაცის დაჭრის საქმეზე დამატებით დეტალებს ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში, 14 ნოემბერს, დაახლოებით 08:50 საათზე, მას შემდეგ, რაც ყაზახეთის მოქალაქემ ს.მ.-მ შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასა და ბრალდებულ გ.ე.-ს შორის კონფლიქტი მოხდა. კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქემ ბრალდებულს ძაღლის ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სეირნობასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. წარმოშობილი კონფლიქტის დროს, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ე.-მ, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან ს.მ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაზარალებულს ორივე ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ამავდროულად, გ.ე.-მ დაზარალებულის მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა.

სამართალდამცველებმა გ.ე. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მეუღლის დედის სახლიდან. გ.ე.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა, ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.