ირმა ინაშვილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტიების, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის”, მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტის ჩაგდება გააპროტესტონ. ირმა ინაშვილის თქმით, “ახლა აღარ არის გარჩევის დრო, ესა და ის პარტია, ყველამ უნდა გააერთიანოს ძალები”.

“ყველას ვგულისხმობ. მე მიხილავთ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, მაგრამ ყველა გაინაწილებს საკუთარ მოედანს. ყველამ უნდა გამოიჩინოს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ ის სამარცხვინო ფაქტი, რაც დღეს მოხდა, ყველამ გააპროტესტოს საკუთარ მოედანზე”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ეწინააღმდეგებიან. 

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3- წინააღმდეგი. იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ენჭისყრამდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც პოზიციებზე ისევ ვერ შეჯერდნენ. უმრავლესობის მაჟორიტარმა წევრებმა თანაგუნდელები ვერც გუშინდელ სხდომაზე დაარწმუნეს.

ოპოზიციის აზრით, თუ ქვეყანა პროპორციულზე არ გადავა, აქციები გარდაუვალია.

12 ნოემბერს პარლამენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით, 3%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარებაზე, ოპოზიციის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩვნების დროს იგეგმებოდა, თუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

imedinews.ge

Related posts