განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1tv.ge

Related posts