ჯანდაცვის მინისტრმა ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი დაასახელა

ეს პერიოდი ეპიდემიოლოგების მხრიდან ჯერ არ არის იდენტიფიცირებული როგორც პიკი. პიკის დასაწყისს ველოდებით აპრილის მეორე ნახევარში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ეს პიკი იყოს უფრო ზომიერი და არა სწრაფად მზარდი, რისიც ჩვენ ყველაზე მეტად გვეშინია, ანუ არ იყოს ეს 400 პაციენტი დღეში, არამედ იყოს დავუშვათ 50 პაციენტი დღეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კვლავ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას და ყველა ჰიგიენური ნორმების დაცვას.

მინისტრმა საზოგადოებას ამ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

„დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სოციალური დისტანცირება, ჩვენი მშობლებისა და შვილების დასაცავად. მოვუწოდებ ყველას, რომ დავიცვათ ყველა ის მითითება, რომელსაც არაერთხელ აცხადებს როგორც მთავრობის ხელმძღვანელი, ასევე დაავადებათა კონტროლის ყველა თანამშრომელი, როგორც ბატონი ამირანი, ასევე ბატონი პაატა. გთხოვთ დაიცვათ სოციალური დისტანცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

Related posts