როგორ მოვამზადოთ ნამდვილი სააღდგომო პასკა

მოახლოვდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და, როგორც იცით, ეს დღე წარმოუდგენელია სააღდგომო პასკის გარეშე. გთავაზობთ, პასკის გემრიელ და გამოცდილ რეცეპტს. მისი მომზადებისას ქიშმიშთან ერთად გამოიყენება ნებისმიერი ჩირი და ცუკატები. შეგვიძლია ასევე მოვრთოთ სხვადასხვა სახის მინანქრით. სააღდგომო პასკას შესაბამისი ღვინოც შეეხამება.

ინგრედიენტები:

რძე 500 მლ
შაქარი 500 გ
არაჟანი 2 ს.კ
კვერცხი 8
კარაქი 500 გ
ქიშმიში 250 გ
მარილი 1 ჩ.კ
ფქვილი 1,5-2 კგ
მშრალი საფუარი 3 ს.კ
მუსკატის კაკალი (ჯავზი) 1 ს.კ. დაფქული
ილი (კარდამონი) 1 ს.კ. დაფქული
ჯანჯაფილი 1/4 ს.კ. დაფქული
ზეთი 1/2 ჭ

მომზადების წესი:

მოვამზადოთ ცომის ხაში: ცოტა ფქვილში ავურიოთ საფუარი, დავასხათ თბილი რძე, რომელშიც წინასწარ გავხსენით 2 ს.კ. შაქარი და ცოტ-ცოტა ფქვილის დამატებით მოვამზადოთ არაჟნის სისქის მასა, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავდგათ ასაფუებლად.

კარაქი, მარილი და შაქარი გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, არაჟანი და სანელებლები.  როცა ცომის ხაში (ე.წ. “აპარა”) აფუვდება, შევურიოთ გათქვეფილი მასა და დავამატოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი და ამასთან შეკრული ცომი.

ცომი დავდოთ თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. აფუებული ცომი ორჯერ ჩავზილოთ ზეთიანი ხელებით და კვლავ დავდგათ ასაფუებლად. მესამედ რომ აფუვდება, ცომს დავუმატოთ ქიშმიში და ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმებში 2/3 სიმაღლეზე. დავდგათ თბილ ადგილას. როდესაც ცომი ფორმებში აფუვდება, გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.

იმისათვის, რომ ცომში ქიშმიში და მშრალი ხილი კარგად განაწილდეს, წინასწარ გავრეცხოთ, გავაშროთ და შევურიოთ ცოტა ფქვილი.

ტექსტში გამოყენებულია პორტალ gemrielia.ge-ს რეცეპტი

Related posts