ინსულტის ნიშნები, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება

მხედველობის გაუარესება, კიდურეების სისუსტე, მწვავე თავის ტკივილი, წონასწორობის დაკარგვა, გულისრევა და გულისცემის გაძლიერება შეიძლება ინსულტის ნიშნები იყოს.

ექიმები არ იღლებიან შეხსენებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გულ–სისხლძარღვთა დაავადებების დროულად გამოცნობა, რადგან ასე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება. სპეციალისტებმა ჩამოთვალეს ინსულტის ნიშნები, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება. ამის შესახებ „სამედიცინო საინფორმაციო ქსელი“ წერს.

მხედველობის გაუარესება. ხშირად თვალებში სურათები დაბინდულია, შესაძლოა მხედველობის ნაწილობრივი დაკარგვა. თუ ეს მოულოდნელად ხდება, ასეთი ცვლილების უგულებელყოფა არ შეიძლება.

გაურკვეველი მეტყველება. დაზარალებული შეიძლება ყველაფერს ხვდებოდეს, მაგრამ წინადადებებით ლაპარაკი, სიტყვების მკაფიოდ გამოთქმა ვერ შეძლოს.

კიდურეების სისუსტე. ინსულტის დროს დამბლა ან ძლიერი სისუსტე შეიძლება დაზიანებული თავის ტვინის საპირისპიროდ გამოვლინდეს. ადამიანს ხელების წინ გამართვა სთხოვეთ – ტვინის დაზიანების შემთხვევაში ერთ–ერთ მათგანი უნებურად დაცემას დაიწყებს.

თავბრუსხვევა, გულისრევა, წონასწორობის დაკარგვა. ექიმების თქმით, ინსულტის ამ ნიშნებს ხშირად ყურადღებას არ აქცევენ, რადგან ინსულტთან ასოციაციას არ იწვევენ.

ტკივილი. ნევროლოგები ხაზს უსვამენ: ნებისმიერი მოულოდნელი ძლიერი ტკივილის უგულებელყოფა არ შეიძლება. ინსულტის ნიშნები ხშირადაა თავის ტკივილი, მაგრამ ის შეიძლება გამოვლინდეს მკერდში, მხრებში, ხელებში, სახის ერთ ნაწილში.

გულისცემა. ინსულტზე შეიძლება მიგანიშნებდეთ გულისცემის მოულოდნელი გახშირება, რომელსაც თან ქოშინი ახლავს.

სლოკინი. მას იწვევს თავის ტვინის იმ ნაწილის დაზიანება, რომელიც სუნთქვის ორგანოების ფუნქციებს აკონტროლებს. ინსულტის ნიშანი შეიძლება იყოს სლოკინი, რომელიც დიდხანს არ გადადის.

სახის დამბლა. მიმიკის დამახინჯება, სიცილი, რომლის დროსაც მხოლოდ სახის ერთი ნაწილია ჩართული – კიდევ ერთი სიგნალი, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება. ამის შემჩნევისთანავე დაუყონებლივ სასწრაფო დახმარება გამოიძახეთ.

Related posts