კახეთში კორონავირუსით 10 თვის ბავშვი დაინფიცირდა

კახეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „პრაიმტაიმნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი 10 თვის ბავშვს დაუდასტურდა.

ბავშვი ღებინებითა და დიარეით თელავის ცხელების ცენტრში გუშინ შეიყვანეს.​ კორონავირუსზე ჩატარებულმა კვლევამ მას ინფექცია დაუდასტურა.

ამ წუთისათვის გამოვლენილია მისი 11 კონტაქტი, რომლებსაც კვლევისათვის ბიოლოგიური მასალა უკვე აუღეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კონტაქტების რაოდენობა ბევრად მეტია.

„მჭიდროდ დასახლებული უბანია, საყოფაცხოვრებო კონტაქტებია ბევრია, ზოგიერთი ადგილზე არ იყო. ამ ასაკის ბავშვი ბუნებრივია, თავისით ვერსად წავიდოდა. მშობლებს სიმპტომები არ აღენიშნებათ, არც არავის გარშემომყოფებს. ამიტომ წყაროც უცნობია და ჯერ იმის თქმაც ძნელია, არის თუ არა ეს შიდა გავრცელება. მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. დღეს გაგზავნილი ანალიზების პასუხი ხვალ იქნება ცნობილი. ამის მიხედვით გადაწყდება, განხორციელდება თუ არა სოფელ ყარაჯალაში, დამატებითი ღონისძიებები“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ინფიცირებული ჩვილი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Related posts