ჩვენ ვიყავით და ახლაც მომხრე ვართ, რუსეთთან ფრენები აღდგეს – აბაშიძე

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა რუსული მხარის მზაობაზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

“საავიაციო მიმოსვლის შეჩერების ინიციატორი არ იყო ქართული მხარე. ეს რუსული მხარის გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვიყავით და ახლაც ვართ მომხრე იმისა, რომ ფრენები აღდგეს. ასე რომ, თუ რუსეთიდან იქნება შესაბამისი პოლიტიკური ნება და თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს საშუალებას, შეიძლება ამ მიმართულებით მართლაც იყოს პროგრესი. მეტი კონკრეტულობა ამ ვითარებაში ჯერჯერობით რთულია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კომენტარის საპასუხოდ.

რუსეთ-საქართველოს შორის “სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენაზე” ლავროვმა გაზეთ “Труд”-თან ინტერვიუში ისაუბრა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი სრულად უჭერს მხარს “ქართული ოცნების” მიერ 2012 წელს ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს, თუმცა ქართველ პარტნიორებს ამ საკითხში თანმიმდევრულობა აკლიათ. აბაშიძის აზრით, ლავროვის აღნიშნული კომენტარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს მიემართებოდა.

“იმ ვითარებაში, როდესაც ოკუპაცია გრძელდება, უხეშად ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პრინციპები, საერთაშორისო სამართალი და გაერო-ს ფუძემდებლური პრინციპები, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება. ყველაზე რთული საკითხების განხილვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. სამწუხაროდ, იქ სერიოზული წინსვლა ამ წლების განმავლობაში ვერ მოხდა. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რათა ამაღლდეს ჟენევის მოლაპარაკებების შედეგიანობა და ეფექტურობა და ამ თვალსაზრისთ საქართველოს მხარე გააგრძელებს მუშაობს. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა კი ამ ვითარებაში იმის ტოლფასი იქნება, რომ ჩვენ შევეგუოთ ე.წ.  ახალ რეალობას, რაც გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას და რაც ქართული მარისთვის აბსოლუტურად მიუღებელია”, – განაცხადა აბაშიძემ.

წყარო: ნეტგაზეთი

თრიალეთი TV