თარაშ კანდელაკის საქმეზე გორში წინასასამართლო სხდომა ჩატარდა

თარაშ კანდელაკის საქმეზე გორში წინასასამართლო სხდომა ჩატარდა. განხილვის შედეგად მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები დასაშვებად ცნეს. პროკურორმა გიორგი კრავეიშვილმა გორის რაიონულ სასამართლოს თარაშ კანდელაკის პატიმრობაში დატოვების შესახებ შუამდგომლობით მიმართა, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დისტანციურად ჩატარდა, თავად ბრალდებულმა დუმილის უფლება აირჩია. საქმეზე არსებითი განხილვა 28 სექტემბერს ჩაინიშნა. პროკურორის ინფორმაციით, ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ცალკე გამოძიება დაიწყო. იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთა, რომ კანდელაკის მიერ მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გარდაცვალება, შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ თარაშ კანდელაკის მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთი დაზიანებების მიყენებას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გასაშველებლად მივიდა და მას განზრახვა ან კონფლიქტი დაზარალებულთან არ ჰქონდა. 12 სექტემბერს თარაშ კანდელაკის მონაწილეობით მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ერეკლე თედიაშვილის ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა დღეს განცხადება გააკეთა. რომლის მიხედვითაც, გარდაცვლილის ოჯახს სამედიცინო პერსონალთან აქვს კითხვები . მათთვის გაუგებარია მომაკვდავი პაციენტის რეაბილიტაციის ცენტრში გადაყვანის მიზეზი, სადაც 18 წლის მოზარდი ისე დამძიმდა, რომ სამკურნალო კლინიკაში უკან დააბრუნეს. გორში, რესტორან „ჯოზეფთან“ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე მოკრივე გიორგი კანდელაკის ვაჟი, თარაშ კანდელაკია დაკავებული. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Related posts