ატენში სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს დაასრულა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.3 მილიონი ლარია. მათივე ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებდა საფეხმავლო ბილიკის მოწყობას, საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას. სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას. პროექტის დასრულების შემდეგ კი სრულად მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სამუშაოები 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდა. დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან ერთად დაათვალიერა.

Related posts