პოლიტიკა

ირაკლი ნადირაძე - თუ ვინმეს კონსტიტუციურ დამხობას უნდა მოედავონ, ეს არის „ქართული ოცნება“, ის ამ ქვეყნის გარუსებას ცდილობს - როგორც ივანიშვილის ზებრა არ გახდება არაბული თეთრი რაში, ისე  ვერ გახდება ეს ქვეყანა რუსული!
8 წუთის წინ

ირაკლი ნადირაძე - თუ ვინმეს კონსტიტუციურ დამხობას უნდა მოედავონ, ეს არის „ქართული ოცნება“, ის ამ ქვეყნის გარუსებას ცდილობს - როგორც ივანიშვილის ზებრა არ გახდება არაბული თეთრი რაში, ისე ვერ გახდება ეს ქვეყანა რუსული!

თუ ვინმეს კონსტიტუციურ დამხობას უნდა მოედავონ, ეს არის „ქართული ოცნება“, ის ამ ქვეყნის გარუსებას ცდილობს - როგორც ივანიშვილის ზებრა არ გახდება არაბული თეთრი რაში, ისე ვერ გახდება ეს ქვეყანა რუსული. ბრძოლა ბოლომდე! - ამის შესახებ ბრალდებულმა პოლიტიკოსმა ირაკლი ნადირაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განმარტა, 4 ოქტომბრის აქციის პროცესში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ლევან ხაბეიშვილი „აბსოლუტურად გამოგონებული ბრალდებით დააკავეს“.

როგორც მან აღნიშნა, ის არც ერთ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„21 წლის განმავლობაში გახლდით საჯარო მოსამსახურე. ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს. 2004 წელს ჩემი პირველი სამსახური იყო შენობაში, რომელიც ნახევრად დანგრეული, ურემონტო იყო, შუქი გათიშული, ხელფასები დაურიგებელი. ბრძანება რომ დაგეწერა, მეორადი ფურცელი უნდა გამოგეყენებინა, ბენზინის ფული არავის ჰქონდა და ყველგან ეს სიტუაცია იყო.

ვმუშაობდი ემიგრანტებთან, ვისაც ხმის უფლება წაართვეს. ამ პერიოდის განმავლობაში არანაირი გადაცდომა არ მქონია. ბევრი მაღალი რანგის ჯილდო მაქვს მიღებული. ირაკლი ნადირაძე არ ჩაიდენს ისეთ რამეს, რომელიც დააკნინებს საჯარო სამსახურს, რადგან ჩემი მოკრძალებული წვლილი მაქვს შეტანილი მის აღმშენებლობაში.

გაცნობიერებული მაქვს, რომ არჩევნების გზით ხდება ხელისუფლების ცვლილება. წლების განმავლობაში ვებრძოდი კორუფციას. არაერთი მწვავე განცხადება გამიკეთებია. ამ წლების განმავლობაში არანაირი დარღვევა და გადაცდენა არ მქონია.

რაც შეეხება ბრალს, პროპაგანდა ისე მუშაობს, თითქოს იქ როგორც პარტიის წარმომადგენელი, ისე ვიყავი.

ადრე გახლდით ზურაბ ჟვანიას პარტიის წევრი. მთავარი მოტივი ჩემთვის იყო ჟვანიას პიროვნება, რომელმაც პირველად განაცხადა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“.

ჩემს მთელ პოლიტიკურ საქმიანობაში იყო იდეა ერთიანი, ძლიერი, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც დღეს განადგურებულია და რუსეთის მიმართულებით ვითარდება.

4 ოქტომბრის აქცია რამდენიმე თვით ადრე იყო დაანონსებული. პროცესებში არ ვიყავი ჩართული. მთლიანად საკრებულოზე ვიყავი გადართული, კორუფციული საქმეების გამოძიებაზე. პროცესებში ჩავერთე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხაბეიშვილო აბსოლუტურად გამოგონებული ბრალდებით დააკავეს. არ მოიძებნება ობიექტური იურისტი, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო საფუძვლიანი ბრალდება. ამის შემდგომ გამოვჩნდი 4 ოქტომბრის აქციაზე და ეს გამოიხატებოდა საჯარო გამოსვლებით.

აქციაზე შეიკრიბა ხალხი, რომელიც აპროტესტებდა ამ ხელისუფლების კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, ხელისუფლების მიტაცებას და ევროპული გზიდან გადახვევას. აქცია არ ყოფილა 2012 წლიდან, რომელშიც მონაწილეობა არ მიმეღო. არცერთ მათგანში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ მქონია.

აქ იყო მშვიდობიან პროტესტზე საუბარი.

რა შეეხება ბრალდებას, არცერთ ნაწილში ბრალს არ ვაღიარებ. მედავებიან სტრატეგიული ობიექტის დაკავებას. თუ ის ვინმეს აქვს მიტაცებული, ეს „ქართული ოცნებაა“, რომელსაც ხელისუფლება აქვს მიტაცებული.

თუ ვინმეს კონსტიტუციურ დამხობას უნდა ვედავოთ, ეს არის „ქართული ოცნება“. თუ ვინმეს უნდა წაუყენონ ბრალდება ძალადობის დაორგანიზებაზე, „ქართული ოცნებაა“. ქიმიური იარაღიც კი გამოუყენებიათ. ადრე თუ გვიან, ეს ბრალდება სწორედ იმ რეჟიმის წარმომადგენლებს წარედგინებათ. „ქართული ოცნება“ ამ ქვეყნის გარუსებას ცდილობს. როგორც ივანიშვილის ზებრა არ გახდება არაბული თეთრი რაში, ისე ვერ გახდება ეს ქვეყანა რუსული.

მადლობა ყველას, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ძალა ერთობაშია. ყველაფერი კარგად იქნება. ბრძოლა ბოლომდე!“,- განაცხადა ნადირაძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები