ტრანსპორტი, მოლები, ბაზრობები… – ხვალ ახალი შეზღუდვები გამოცხადდება

საქართველოში წერტილოვანი შეზღუდვების გამოცხადებამდე ერთი დღე რჩება. როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ხვალ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეგულაციების გამკაცრების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

 

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, რეგულაციები შეეხება სავაჭრო მოლებსა და ბაზრობებს.

 

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი იქნება.

 

„ხვალ გაიმართება საბჭოს სხდომა და შეზღუდვებთან დაკავშირებით, იქ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ეპიდვითარებიდან გამომდინარე, გარკვეული წერტილოვანი რეგულაციების გამკაცრება საჭირო იქნება. სადაც არის მეტი სიმჭიდროვე, რა თქმა უნდა, იქ შეზღუდვები გარდაუვალი იქნება. მაღალი სიმჭიდროვე არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მოლებში, ბაზრობებზეც. სადაც წესების დაცვა არ ხდება ან არასრულფასოვანია, იქ იქნება უფრო მკაცრი რეგულაციები მიღებული“,- განაცხადა ხუნდაძემ.

 

კითხვაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება წერტილოვანი შეზღუდვები, ხუნდაძე გვპასუხობს, რომ ეს ყველაფერი ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

 

“ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ჩვენ ვართ ახლა ვირუსის მეორე ტალღის პიკურ ფაზაში. დეკემბრის პირველი კვირის ბოლომდე იქნება აღმავალი პერიოდი, შემდეგ იქნება ე.წ. პლატო, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს ვითარება, პროგნოზირება რთულია. მთავარია, რომ დავიცვათ რეგულაციები, არ გავავრცელოთ ინფექცია, რათა კონტაქტები იყოს ნაკლები“,- განაცხადა ხუნდაძემ.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება. ჩვენი ქვეყანა ვირუსის გავრცელების ტემპით სამ მეზობელ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს უსწრებს. მხოლოდ დღეს ვირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 3 958 შეადგინა.

Related posts