ბატონო პრემიერო!

პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „თრიალეთის” ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ, თქვენი გაღიზიანება გამოიწვია, თქვენ პირდაპირი ეთერიდან მოუწოდეთ გუბერნატორს კომენტარის გაკეთებისკენ და იქვე ისურვეთ, რომ გუბერნატორს ეჩივლა და საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოეთხოვა.     აქვე აღნიშნეთ, რომ თუ გუბერნატორი ტყუის, თქვენ მოახდენთ რეაგირებას. ჟურნალისტს პასუხის გაცემის საშუალება არ მიეცა, გამორთული მიკროფონის გამო.

       ერთი კვირის წინ ჩვენი ეთერის საშუალებით გავიდა სიუჟეტი, სადაც გუბერნატორის და მისი გარემცვის ბიზნეს-ინტერესებზე საუბრობდნენ, მას საკმარისი დრო ჰქონდა გამოხმაურებისთვის, თუმცა, არც ჩვენთვის მოუთხოვია ბოდიშის მოხდა და არც საზოგადოებისთვის გაუკეთებია კომენტარი.    თქვენს მოწოდებას შიდა ქართლის გუბერნატორი  მყისიერად გამოეხმაურა და თქვენი განცხადებიდან მალევე ტელეკომპანია “თრიალეთს” ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, უარის შემთხვევაში ჩივილით დაგვემუქრა.

 არ გვინდა ეჭვი შევიტანოთ თქვენს გულწრფელობაში, როდესაც რეგიონებსა და იქ არსებულ მდგმარეობაზე უკმაყოფილო საუბრობთ, და მოუწოდებთ გუბერნატორებს, მერებს, გამგებლებს ხალხთან მეტი კომუნიკაციისაკენ. იმედია, თქვენთვის არანაკლებ საინტერესოა, მოჰყვა თუ არა თქვენს შენიშვნებს რეგიონში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ასეთისვე სწრაფი და ეფექტური რეაქცია  მხარის გუბერნატორის მხრიდან.

       გუბერნატორს ვთავაზობთ ღია ეთერს, შაბათს,  28 მარტს, თოქ-შოუში „განსხვავებული აზრი”, აქვე ვუშვებთ გამონაკლისს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ვთავაზობთ თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი ფორმატი, (თუ მისთვის ოპონენტებთან ერთად ეთერში ყოფნა მიუღებელია)  რომ უფრო გასაგები გახდეს მთელი რიგი საკითხები. რაც მთავარია, საჯაროდ გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას.

ტელეკომპანია “თრიალეთის” თოქ-შოუ “განსხავებული აზრის” ავტორები -ლადო ბიჭაშვილი, თეა გიგაუშვილი



 

Related posts