ენგურჰესის ტერიტორიაზე ილია ფილფანის სამძებრო სამუშაოები დაიწყო

მას შემდეგ რაც ენგურჰესი გააჩერეს და კაშხალთან წყლის დონემ დაიკლო, ამ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დავიწყეთ, ტერიტორია უკვე დათვალიერებულია დრონების მეშვეობით, მაგრამ ჯერ სიახლე არ არის, – ამის შესახებ ილია ფილფანის მამამ დავით ფილფანმა Report.ge-ს განუცხადა.

დავით ფილფანის თქმით, ილიას დაკარგვის გამო, ოჯახმა დაზარალებულის სტატუსი მიიღო და მას საქმის დეტალებთან სრული წვდომა აქვს.

>

„სამწუხაროდ, ილიას სამძებრო სამუშაოებში ახალი არაფერია, მისი დაკარგვის უამრავი ვერსია არსებობს და რომელიმეს გამორიცხვის საფუძველი ჯერ არ გვაქვს. ამ დროისათვის მის სამძებრო სამუშაოებში არც ჩვენ და არც გამოძიებას რაიმე წინსვლა არ გვაქვს.

მე მივიღე დაზარალებულის სტატუსი, მაქვს უფლება მივიდე პოლიციაში და საქმის ყველა მასალასთან მქონდეს წვდომა. ასევე 24 საათის განმავლობაში მაქვს სამართალდამცველებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კონტაქტი.

მას შემდეგ, რაც ენგურჰესი გააჩერეს და კაშხალთან წყლის დონემ დაიკლო, ამ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დავიწყეთ.

მე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელ ამ ტერიტორიის დრონების მეშვეობით დათვალიერება ვთხოვე და ეს თხოვნა მათ შემისრულეს, რადგან ტერიტორია ძალიან დიდია და წყლის დონის დაკლების შემდეგ იქ ძალიან ბევრი ტალახია და ყველგან ფეხით მისვლა შეუძლებელია.

ტერიტორიის გარკვეული ნაწილები შრება და ჩვენ ჩვენი ძალებით ვახორციელებთ სამძებრო სამუშაოებს, თუმცა ნებისმიერ დროს შემიძლია დავრეკო და დახმარება მოვითხოვო”, – განაცხადა დავით ფილფანმა.

შეგახსენებთ, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მოზარდს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ.ოჯახმა ბავშვის პოვნისათვის ფულადი ჯილდოც დააწესა.

ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით.

თრიალეთი TV