მათ ელოდებათ ღირსეული ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო – ტიკარაძე გერმანიაში დასაქმებულებზე

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ეკატერინე ტიკარაძე გერმანიაში ქართველების დასაქმების საკითხს ეხმაურება. როგორც ტიკარაძე ამბობს, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა მიღებული ცოდნა ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგაც გამოიყენონ.

„ჩვენ მოქალაქეებს მივეცით შესაძლებლობა, დროებით დასაქმებულიყვნენ ევროკავშირის წევრ მეგობარ ქვეყანაში, სადაც მათ ელოდებათ ღირსეული შრომის ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო.

არალეგალური ემიგრაცია, როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის პრობლემური საკითხია, რომელსაც მნიშვნელოვნად აწესრიგებს ორ ქვეყანას შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ არსებული შეთანხმება.

გარდა ეკონომიკური ინტერესისა, ჩვენი მოქალაქეები შეიძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და გაეცნობიან ევროპის ქვეყნებში არსებულ სისტემას. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათი გამოცდილების გაზიარება და ეროვნულ საქმიანობაში გამოყენება, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სარგებლის მომტანი“,- აღნიშნა მინისტრმა.

თრიალეთი TV