შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ივანე ჩხაიძე – ბავშვების თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება – გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი

ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს, ფილტვების ანთება უდასტურდება-გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა.

როგორც მან განმარტა, თუ დეკემბრის დასაწყისში კლინიკაში, 25-30 ბავშვი მკურნალობდა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციების დიაგნოზით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 80-მდე გაიზარდა.

„გრიპის და გრიპისმაგვარ ვირუსებში განსხვავებული კლინიკური ნიშნები არ გვაქვს. ბავშვებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების და სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება, ხველა.

ყველა ამ ნიშნის გამოვლენისას უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გრიპის ვირუსთან გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალი ტემპერატურა. მაღალი ტემპერატურა ერთ-ერთი პირველი საყურადღებო ნიშანია.

გრიპის ვირუსს 5-წლამდე ასაკის ბავშვებში სხვადასხვა გართულების დიდი რისკი აქვს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ პრევენციის სამიზნეს სწორედ 5 წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში არის სწორედ რეკომენდებული ვაქცინაცია.

აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი გრიპის ვირუსის გართულება, კერძოდ, ფილტვების ანთება.

ახლაც ჩვენს კლინიკაში პაციენტების ძალიან დიდ ნაწილს, თითქმის 30%-ს, რომელიც კლინიკას მომართავს გრიპის და გრიპისმაგვარი კლინიკურ ნიშნებით ფილტვების ანთება უდასტურდება, ეს ნიშნავს, რომ ფილტვების ანთების გართულება ახასიათებს.

ეს ერთ-ერთი დიაგნოზია, რომელიც საჭიროებს კლინიკაში მართვას. გრიპით გამოწვეული პნევმონიის ბინაზე მკურნალობა არ არის სწორი, ასეთი ბავშვი, განსაკუთრებით 5 წლამდე, კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, შესაბამისი პრეპარატი უნდა მიიღოს.

თუ დეკემბრის დასაწყისში ჩვენთან, კლინიკაში, 25-30 პაციენტი იწვა სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციებით, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში ამ პაციენტების რიცხვი 75-80-ის ფარგლებშია. მომართვიანობა გაზრდილია, ასე იყო წინა წლებშიც, საქართველოში დეკემბერი – იანვარი ყოველთვის გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების აქტიურობის მაქსიმალური პერიოდია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს ეს შემთხვევები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო გასულ 2 წელს. თუ 2022 წლის დეკემბრის ბოლოს 380 შემთხვევა იყო 100 ათასს მოსახლეზე, ახლა 160-170 არის, ამიტომ დიახ, მატება არის, მაგრამ არა იმდენი, როგორც 2022 და 2021 წელს იყო. შესაძლებელია, იანვარში მოიმატოს ამ ციფრებმა, წინ არის იანვარი. სავარაუდოდ, წელს გრიპის სეზონი ისეთი აქტიური არ იქნება, როგორც წინა წლებში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.