საქართველოში ასტრაზენეკათი 55 წელს გადაცილებული ადამიანები აიცრებიან

ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება რეკომენდირებული 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის გახდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გაბუნიამ აღნიშნა, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაცია გაგრძელდება ისე, როგორც მიმდინარეობს, თუმცა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით მისი გაფართოვება აღარ მოხდება.

>

“დღეს ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია რეკომენდაცია ასტრაზენეკათი ვაქცინაციის გაგრძელებას 55 წლის ზემოთ. იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადებების არსებობიდან ან იმ კუთვნილებიდან, რომელიც მის რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში, მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები. ვაქცინაციის პროგრამა ასტრაზენეკას ვაქცინით გაგრძელდება 55 წლის ასაკობრივ ჯგუფში, როგორც ეს ახლა მიმდინარეობს. შემდგომი გაფართოვება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ასტრაზენეკასთვის აღარ მოხდება.”, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვინც პირველად გაიკეთა ასტრაზენეკას ვაქცინა, მეორედაც ამ ვაქცინით აიცრება.

“რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნო ვაქცინაციას ისევ ასტრაზენეკათი, ამ შემთხვევაში რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ საჭირო არ არის და არ არსებობს”, – განაცხადა გაბუნიამ.

თრიალეთი TV