ვის გადაეცემა საცხოვრებელი ფართები

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ოჯახები იქნება.

„ჩვენ სამწუხაროდ, გვყავს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. ათეული წლებია ამ ადამიანებს, ოჯახებს ყურადღებას არავინ აქცევდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აღიარებული აქვს ვალი ამ ადამიანებთან მიმართებით, ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. როდესაც მუშაობა დავიწყეთ, პირობა მივეცით ამ ოჯახებს, დაახლოებით 3 ათასი ოჯახია, რომ ამ ყველაფერს მოვაწესრიგებდით და მათ მიეცემოდათ შესაძლებლობა, მიეღოთ საკუთარი საცხოვრებელი ბინები. ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. გამოცხადდა კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე ინტერესი, რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოყო, გვყავს გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც მშენებლობის შემდეგ ამ ოჯახებს გადასცემენ საცხოვრებელ ფართებს.

რიგითობა და თანმიმდევრობა ძალიან მარტივი წესით განვსაზღვრეთ, სოციალური ქულების მიხედვით. დღესაც, ვისაც არ შემოუტანია განაცხადი, ჩემი თხოვნა იქნება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მოხდეს სოციალური ქულების მინიჭება და შესაბამისად რიგითობის დაკავება“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 700 ოჯახის დაკმაყოფილების მიზნით, სამგორსა და ვარკეთილში ორი მსხვილი პროექტისთვის ინტერესთა გამოხატვა ცხადდება. კახა კალაძე სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„დღეს ცხადდება ინტერესთან გამოხატვა ორი მსხვილი პროექტისთვის სამგორსა და ვარკეთილში, რომლითაც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები დაკმაყოფილდებიან. მინდა სამშენებლო სექტორს აქტიურობისკენ მოვუწოდო. დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის გვერდზე განთავსდება. გაეცანით და გამოხატეთ ინტერესები, კითხვების შემთხვევაში ჩვენი სამსახური მზად არის მოგაწოდოთ ინფორმაცია“,- აღნიშნავს კალაძე.

55 ნახვა
desktop
mobile catfish