მსოფლიო ბანკმა საქართველოს დამატებით 34,5 მილიონი დოლარი გამოუყო

მსოფლიო ბანკმა საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამისთვის 34,5 მილიონი დოლარი გამოუყო — ამის შესახებ გადაწყვეტილება, 7 ივნისს, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიიღო. აღნიშნული თანხა 2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მილიონ აშშ დოლარს დაემატება, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.

მსოფლიო ბანკის მხრიდან დამატებით დაფინანსებას რამდენიმე ძირითადი მიზანი აქვს — მათ შორის, COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების ხელშესაწყობად, და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება. ამ მხარდაჭერის მეშვეობით, მსოფლიო ბანკს სურს წვლილი შეიტანოს საქართველოს მთავრობის იმ გეგმის განხორციელებაში, რომლის მიხედვითაც 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა იყოს აცრილი.

ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისას, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის.

“მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისის დაწყებისთანავე აღმოუჩინა მხარდაჭერა COVID-19 -ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის საშუალებით, და ახლა, ამ დამატებითი დაფინანსებით ჩვენ მთავრობას ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით,” — აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დამატებით დახმარებაზე კომენტარი გააკეთა ეკატერინე ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა საქართველოს მნიშვნელოვნად დაეხმარება ვაქცინაციის პროცესის უკეთ ადმინისტრირებაში.

“მსოფლიო ბანკის დახმარება არსებითი იყო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბანკის დახმარებით ჩვენ გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად შევძელით ადაპტაცია და რეაგირება პანდემიის ზემოქმედების მიმართ. დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს მთავარი ინსტრუმენტი პანდემიის დასასრულებლად – ესაა ვაქცინა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის უკეთ ადმინისტრირებას. მსურს მსოფლიო ბანკს, ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის დახმარებისთვის,” — აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ გასული წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძირითადი პროექტის მეშვეობით, მსოფლიო ბანკი საქართველოს დახმარებას უწევდა პანდემიით გამოწვეული საფრთხეების პრევენციასა და საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში. ორგანიზაციის თქმით, პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობის — 4 მილიონზე მეტი PCR, ასევე ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის და დნმ-ის ექსტრაქციის ნაკრების, 1000-ზე მეტი ჟანგბადით თერაპიის აპარატურის, ასევე სარეანიმაციო და გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი საწოლებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების, და სხვა აუცილებელი საგნების, მათ შორის 11 მილიონი პერსონალური დაცვის საშუალების შეძენაში.

“პროექტმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტის განხორციელებაში, რითაც ყოველთვიური დროებითი დახმარება მიიღო 80 000-მა ოჯახმა. დამატებითი ფინანსური დახმარება კი დაახლოებით 25 000-მა ისეთმა ოჯახმა, რომელსაც 3-ზე მეტი შვილი ჰყავს; ასევე, ერთჯერადი დახმარება მიიღო 370 000-მა თვითდასაქმებულმა ფიზიკურმა პირმა, ხოლო დროებითი უმუშევრობის დახმარება 160 000-ზე მეტმა ადამიანმა,” — ნათქვამია მსოფლიო ბანკის განცხადებაში.

დამატებითი დაფინანსება, ისევე როგორც ძირითადი პროექტი, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსათვის გაწეული ფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ახლახან ხელმოწერილ ხელშეკრულებას 85 მილიონი ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება.

44 ნახვა
desktop
mobile catfish