საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლაში, წელს პირველ კლასში მხოლოდ 2 მოსწავლე მივა. საჯარო სკოლაში აცხადებენ, რომ გასულ წელს სწავლა 6-მა პირველკლასელმა მოსწავლემ დაიწყო. სკოლის დირექტორის, ემზარ მამისაშვილის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როცა სკოლას მოსწავლეები სწავლის დასრულებამდე ტოვებენ და სხვა სასწავლო დაწესებულებაში გადადიან. სოფელ ერგნეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სოფელი დაცლის პირას არის, რადგან ახალგაზრდები მას თანდათან ტოვებენ. საკითხი პრობლემური 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გახდა. სოფელ ერგნეთიდან ახალგაზრდების მიგრაციას ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ლია ჩლაჩიძე. პრობლემის მოგვარების გზას იგი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების სოციალურ- ეკონომიკურ განვითარებაში ხედავს. ერგნეთი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. სოფლის საჯარო სკოლაში სულ 60 მოსწავლე იღებს განათებას. აქ სწავლა წელს 17-მა მოსწავლემ დაასრულა. ახალი სასწავლო წლიდან კი მერხს მხოლოდ 2 პირველკლასელი მიუჯდება.