კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით, ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად ვერ ერთიანდებიან. ეს ხდება ყოველ ჯერზე და ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ და მერე იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ “ოპოზიციის ალიანსში” არსებულ მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია ყოველ ჯერზე გარედან მიღებული მითითების საფუძველზე ერთიანდება ხოლმე.
“ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა არის პერსონალური დისკომფორტიც. ამ ყველაფრიდან რაც ჩანს ხოლმე, არის ის, რომ ყოველ ჯერზე მათ გარედან ავალებენ გაერთიანებას, მაგრამ ბოლოს ისე ხდება ხოლმე, რომ პერსონალური კონფლიქტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას. აქაც იგივე ხდება - ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით, ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად ვერ ერთიანდებიან. ეს ხდება ყოველ ჯერზე და ათი არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ და მერე იშლებოდნენ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ”, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელიც სასამართლო სხდომაზე გააკეთა და რომელიც მისი პრეზიდენტობის პირობებში ეკლესიის ძლიერებასა და პოლიტპატიმრების არარსებობას ეხებოდა.
კობახიძის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ურიგებდა სასულიერო პირებს ჯიპებს და შემდეგ თავად აგორებდა კამპანიას ჯიპებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, კობახიძის განმარტებით, სააკაშვილის მხრიდან სიტყვა პატიმრის ხსენება ამაზრზენი და სირცხვილია.
“რაც შეეხება ეკლესიას, ჩვენ გვახსოვს, როგორი კამპანიები წარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ ამ რეჟიმის პირობებში, ცხრა წლის განმავლობაში არ გაჩერებულა ეს კამპანია, თვითონ ურიგებენ სასულიერო პირებს ჯიპებს და შემდეგ თვითონ ეწეოდნენ კამპანიას ამ ჯიპებთან დაკავშირებით. ეკლესიის დისკრედიტაცია ხდებოდა სხვადასხვა ფორმით, იქ რაღაც კომპრომატებით შანტაჟი და ა.შ. უამრავი უბედურება ხდებოდა მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. ეს ყველაფერი შეიცვალა და მიდგომებიც შეიცვალა და დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა ეფუძნება პრინციპებს და, მათ შორის, მთავარი პრინციპი არის სეკულარიზმის პრინციპი და ჩვენ ამ სულისკვეთებით ვაპირებთ ურთიერთობის გაგრძელებას.
თვისებრივად განსხვავებულია ურთიერთობების შინაარსი დღეს ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის და ამისგან თვისებრივად განსხვავებული იყო ურთიერთობების შინაარსი სააკაშვილის რეჟიმის პირობებში.
რაც შეეხება პატიმრებს, სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, ეს უკვე სირცხვილია. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა თავის დროზე საპატიმროებში. 25 ათასამდე პატიმარი ჰყავდათ საპატიმროებში, ხდებოდა ადამიანების წამება,. დეტალებში აღარ შევალ, გახსენებაც არ მინდა ამ ყველაფრის. ეს იყო სისტემური დანაშაული, რასაც ჩადიოდა მაშინდელი ხელისუფლება.
როდესაც ასეთ პირობებში სააკაშვილი სიტყვა პატიმარს ახსენებს, იქ უკვე კომენტარიც ზედმეტია, ამაზრზენია ეს ყველაფერი”, - განაცხადა კობახიძემ.