რა სიმპტომები ახასიათებს „ინდურ“ შტამს – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

დღეს საქართველოში დომინანტი ჯერ კიდევ რჩება ე.წ. ბრიტანული შტამი „ალფა“, მაგრამ თანდათან სულ უფრო ვრცელდება ინდური, ანუ „დელტას“ შტამი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ინდური“ შტამი გაცილებით უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს.

„ინდური“ შტამის გავრცელება დაახლოებით 25 %-ია და მატულობს. ასეთი სცენარი იყო ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბოლოს „ინდური“ შტამი გახდა დომინანტი. დიდი ალბათობით, ჩვენ ამაზე გავლენას ვერ მოვახდენთ, დადგება რაღაც მომენტი, როცა საქართველოში ძირითადად „ინდური შტამი“ იქნება გავრცელებული. ის ბევრი რამით განსხვავდება სხვა შტამებისგან, 50 პროცენტით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „ბრიტანული“ შტამი, რომელიც თავის მხრივ, 50 %-ით მეტად გადამდები იყო, ვიდრე სტანდარტული „ჩინური“ შტამი. გარდა ამისა, მისი კლინიკური სურათი განსხვავდება. მას ნაკლებად ახასიათებს ხველა, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, სამაგიეროდ, გაცილებით უფრო ხშირად ახასიათებს ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი და ცხელება. გარდა ამისა, ის გაცილებით უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს, ვიდრე ამას სხვა შტამები აკეთებდა. ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯანდაცვის სექტორი და ყურადღება უნდა მიაქციონ მშობლებმაც, მოსახლეობამ. „ინდური“ შტამი იძლევა გაცილებით უფრო მძიმე მიმდინარეობას დაავადების, უფრო მძიმე გამოსვლებით, მხედველობაში მაქვს გარდაცვალების შემთხვევები და დაახლოებით ორჯერ უფრო გაზრდილი ჰოსპიტალიზაცია. ყველაფერი ეს ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს სახელმწიფოს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

თრიალეთი TV