„სჯობს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის“ – საველე ჰოსპიტლები აჭარასა და იმერეთშიც მოეწყობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საველე ჰოსპიტლების მოწყობასთან დაკავშირებით, მზადება დაწყებულია აჭარასა და იმერეთშიც.

როგორც გაბუნია ამბობს, მოსახლეობა ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად უნდა იყოს.

„ამაზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში, რადგან ორი დიდი რეგიონია, სადაც მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. სჯობს, მზად ვიყოთ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, ვიდრე შემდეგ მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში რაღაც გადაწყვეტილებებისა და მზაობის უზრუნველყოფა.

ამდენად, მიმდინარე სამუშაოები პროცესშია. იმედი გვაქვს, ეს არ დაგვჭირდება, რადგან ჯერჯერობით ორივე რეგიონში არის იმისი შესაძლებლობა, რომ დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდეს, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით კიდევ 4 921 ადამიანი დაინფიცირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 9.95%-ია.

ამასთან, 19 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 883 570 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი.

თრიალეთი TV