შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

სახელმწიფო მინისტრი – ყოველწლიურად იზრდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამშვიდობო ინიციატივებსა და სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილ შესაძლებლობებში ჩართვის ინტერესს და სურვილს გამოთქვამს

თვალსაჩინოა ჩვენი პროაქტიული მიდგომების ზეგავლენა – ყოველწლიურად იზრდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამშვიდობო ინიციატივებსა და სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილ შესაძლებლობებში ჩართვის ინტერესს და სურვილს გამოთქვამს, რაც ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე უმთავრესი შედეგია. აღნიშნული დინამიკის შემდგომი ხელშეწყობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა,– ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს მხდიდან ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნდობის აღდგენის ინიციატივებისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას, რომელთა ფარგლებში, გამყოფი ხაზების ორივე მხრიდან საზოგადოების სხვადასხვა, მათ შორის პროფესიული წრეების წარმომადგენლები არაფორმალურ, ნეიტრალურ გარემოში მსჯელობენ ისეთ დარგობრივ თემებზე, რაც მათ ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებთ და ერთიანი პროდუქტების შექმნის შესაძლებლობას აძლევთ.

„გაყოფილ საზოგადოებებს შორის თანამშრომლობა და კავშირების გამყარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე. ამდენად, ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ოკუპაციის წნეხის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალების გაძლიერება, ახალგაზრდების ჩართულობისა და როლის გაზრდა, ვაჭრობაზე, განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა მომსახურებაზე ადამიანების გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფა და ამ მიზნით, მუშაობის გაგრძელება შესაბამისი მექანიზმების შემდგომი სრულყოფისა და განვითარებისთვის. შესაბამისად, გაგრძელდება ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის გამარტივებული წვდომა ჯანდაცვის სხვადასხვა სპეციალიზებულ პროგრამაზე და დახმარება სათანადო მედიკამენტებით, ვაქცინებით და სამედიცინო აღჭურვილობით. ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება საკომუნიკაციო არხების შემდგომი დივერსიფიცირებისკენ იმ მიზნით, რომ ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის პროცესში, შეძლებისდაგვარად ჩაერთოს საზოგადოების ყველა რგოლი“,– განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მისი თქმით, გაგრძელდება გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მოქმედი უფინანსური მექანიზმის – “მშვიდობის ფონდის“ მეშვეობით.

„იმის გათვალისწინებით, რომ ფონდის საქმიანობა განსაკუთრებული ინტერესის საგანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის, ამ მიმართულებით ვგეგმავთ მნიშვნელოვანი ინიციატივების რეალიზებას, რაც ეტაპობრივად გაზრდის ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნესპროექტების დაფინანსების და განხორციელების შესაძლებლობებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული უმაღლესი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამისა და პროფესიული განათლების შესაძლებლობების შემდგომი განვითარების მიმართულებით სტუდენტების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების გამარტივებული, სტატუს-ნეიტრალური გზით გამოყენების შესაძლებლობების თაობაზე ინფორმაციის ერთი ფანჯრის პრინციპით შეთავაზებას მოემსახურება ერთიანი საინფორმაციო პორტალი, რომელიც ახლო მომავალში ამოქმედდება და მომხმარებელზე მორგებულ, მარტივ და ქმედით გზამკვლევად იქცევა ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება აფხაზურ და ოსურ ენებზე. “- განაცხადა თეა ახვლედიანმა.