ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი საქართველოს პროკურატურას მიმართავს განცხადებით, განუმარტონ, რატომ არ ეძლევა უფლება ახალია ადვოკატის სტატუსით მოინახულოს.
გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის მისამართით დაწერილი შესაბამისი განცხადების ტექსტს ნადარეიშვილი „ფეისბუქზე“ აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ არ ეძლევა უფლება, თავის მეუღლეს შეხვდეს როგორც ადვოკატი. ნადარეიშვილის თქმით, მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განუმარტეს, რომ მისი „სამართლებრივი სტატუსი გაურკვეველია“.
ანი ნადარეიშვილის განცხადებით, პროკურატურისგან ითხოვს, პასუხს იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე იზღუდება მისი უფლება, განახორციელოს ადვოკატის პროფესიული საქმიანობა.
განცხადებასთან ერთად, ნადარეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ საქართველოში „კონსტიტუცია, კანონი და სამართალი არ არსებობს“.
„აქვე ვაფიქსირებ, რომ კონსტიტუცია, კანონი და სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს, ხელისუფლება მიტაცებულია რუსული რეჟიმის მიერ, მაგრამ ამ წერილებს რეჟიმის მსახურ ორგანოებს ვწერ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალების ამოწურვის მიზნით, რომელიც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტით“,- წერს ნადარეიშვილი.
გარდა საქართველოს პროკურატურისა, ნადარეიშვილი თავის განცხადებაზე რეაგირებას ითხოვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და სახალხო დამცველისგან.