რა შემთხვევაში შეიცვლება COVID-ის მართვის პროტოკოლი საქართველოში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეიცვლება ქვეყანაში კორონავირუსის მართვის პროტოკოლი.

თამარ გაბუნიას განცხადებით, გარკვეული მოდიფიკაცია დაავადების მართვის მთავარ დოკუმენტში შესაძლოა მოხდეს ექსპერტების მოსაზრებებიდან გამომდინარე, თუმცა მთავარი მიზეზი, რამაც შესაძლოა პროტოკოლში ცვლილება გამოიწვიოს, იქნება დამატებითი მონაცემები ამა თუ იმ მედიკამენტის ეფექტიანობის შესახებ კოვიდპაციენტებში:

“პროტოკოლი, რომელიც გვაქვს, ემყარება საერთაშორისო წყაროებს და მეცნიერულ მონაცემს, რომელიც ამ დროისთვის გვაქვს. ექსპერტების მოსაზრებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გარკვეული მოდიფიკაცია, მაგრამ მთავარი მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პროტოკოლში ცვლილება, იქნება დამატებითი მონაცემები ამა თუ იმ მედიკამენტის ეფექტურობის შესახებ კოვიდპაციენტებში. დღეს მოსალოდნელია, რამდენიმე მედიკამენტი მეტად აქტიურად შემოვიდეს კოვიდის მართვის პროცესში.

იყო საუბარი მონოკლონურ ანტისხეულებზეც. სხვადასხვა მწარმოებელს დაწყებული აქვს ამაზე მუშაობა, ასევე რამდენიმე მედიკამენტია კვლევაში. თუ ამ მედიკამენტების ეფექტიანობა დადასტურდა, ბუნებრივია, ეს აისახება ჩვენს პროტოკოლებში. ამაზე არის კლინიკური ჯგუფი მობილიზებული, რომ თუ სადმე არის იმედის მომცემი მკურნალობა, რომელსაც აღიარებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამერიკის და ევროპის მარეგულირებელი, ან სხვა ქვეყნის მკაცრი მარეგულირებელი, ის ჩვენს ქვეყანაშიც გაჩნდეს და იყოს ხელმისაწვდომი”, – ამბობს თამარ გაბუნია.

237 ნახვა
desktop
mobile catfish