აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს -დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის დევი ტაბიძის განცხადებით, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში დასაწყებად პედაგოგთა და სკოლის თანამშრომელთა სრული ვაქცინაციაა აუცილებელი. როგორც მან მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა მიეცეს.

„სასწავლო პროცესის დასაწყებად ვაქცინაცია აუცილებელია. ჩემი მოსაზრება ასეთია, იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის პედაგოგი, სახელმწიფო უნივერსიტეტის თუ სხვა სასწავლებლის ლექტორი, ნებისმიერ შემთხვევაში, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება, მას არ უნდა ჰქონდეს უფლება, საკლასო ოთახში შევიდეს. პირადად, მასწავლებელთა მხოლოდ 80%-ის აცრას არ ვეთანხმები, მიმაჩნია, რომ პედაგოგები და სკოლის თანამშრომლები სრულად უნდა იყვნენ აცრილი. ბავშვები არიან ყველაზე მეტად ვირუსის გადამცემები.

თუ პედაგოგი არ იქნება აცრილი და ის საკლასო ოთახში შევა, მაგალითად, მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, მას სამსახურიდან აუცილებლად გავათავისუფლებდი. ის სოციალურად საშიშია საზოგადოებისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. „დელტა“ ვირუსი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვირუსია, რომელიც საბოლოოდ, ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება“, – განაცხადა ტაბიძემ.

მისი განცხადებით, პოსტკოვიდური სინდრომი საყურადღებოა, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, ეს დაავადება რა გართულებებს გამოიწვევს.

„გამოკვეთილია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, თირკმლის მწვავე უკმარისობა. საბოლოოდ მაინც მივდივართ იქამდე, რომ პოსტ-კოვიდური სინდრომი ერთ-ერთი სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობა იქნება, რაც მოსახლეობას დააზარალებს“,-განაცხადა ტაბიძემ.

მან მოსახლეობას მოუწოდა, გაითვალისწინონ და შეასრულონ სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„მინდა მივმართო მოსახლეობას და ვთხოვო, რა სიტუაციასაც მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, ამ ყველაფერს წყალში ნუ გადავყრით. შევინარჩუნოთ დადებითი ტენდენცია და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ნებისმიერი ექსპერტის, ნებისმიერი ექიმის და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მოქალაქის მიდგომა ასეთი უნდა იყოს“,-განაცხადა ტაბიძემ.

56 ნახვა
desktop
mobile catfish