ირაკლი ღარიბაშვილი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონს ეწვია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა და ტაძრის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მეუფე სვიმეონმა ირაკლი ღარიბაშვილი დალოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მეუფე სვიმეონმა პრემიერს მშენებარე სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის „ახალი ბანას“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას სამონასტრო კომპლექსის ანალოგია. მეუფის თქმით, „ახალი ბანა“ უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით შენდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებლად ჩაერთვება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, მეუფე სვიმეონთან იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე.

თრიალეთი TV