სახელმწიფო კომპენსაცია 22 ლარიდან 344 ლარამდე – ნახეთ, ვის და რა რაოდენობის ფულადი დახმარება ეკუთვნის

რა კატეგორიის სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირებს ენიშნება სოციალური პაკეტი და რა ოდენობით? ამ კითხვაზე პასუხს “პრაიმტაიმი” გთავაზობთ:

  • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 344 ლარის ოდენობით;
  • „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაღუპულთა იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 244 ლარის ოდენობით;
  • მარტოხელა, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შრომისუუნარო მშობელს – 144 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს – 44 ლარის ოდენობით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს – 44 ლარის ოდენობით;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 22 ლარის ოდენობით;
  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში გარდაცვლილი მეომრების, შემდეგი თანმიმდევრობით, უფროსი ასაკის შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს – 22 ლარის ოდენობით;
  • სამხედრო ძალების ვეტერანებს საპენსიო ასაკის მიღწევისას – 22 ლარის ოდენობით;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებს, ხოლო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში შრომისუუნარო მშობელს, შრომისუუნარო მეუღლეს, შრომისუუნარო შვილს – 7 ლარის ოდენობით.

ვის უნდა მიმართოთ სოციალური პაკეტის დასანიშნად?

>

სოციალური პაკეტის დასანიშნად განცხადება უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიუხედავად თქვენი რეგისტრაციის ადგილისა.

რა საბუთებია საჭირო სოციალური პაკეტის დასანიშნად?

სოციალური პაკეტის დასანიშნად  განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, ბავშვის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში – აგრეთვე მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • მარტოხელობის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია – დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა (ასეთის არსებობისას), შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობები (ასეთის არსებობისას);
  • ომში ან ომის შემდგომ პერიოდში ომის მონაწილის გარდაცვალების გამო, მისი მშობლისათვის, მეუღლისათვის, შვილისათვის, დამატებით წარმოსადგენია – მარჩენალის გარდაცვალების მოწმობა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა (მშობლის შემთხვევაში), ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), დაბადების მოწმობა (შვილის შემთხვევაში);
  • ომის მონაწილის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია – ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ომის ინვალიდის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია – ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების გამო, დამატებით წარმოსადგენია – სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ;
  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის გარდაცვალების გამო მისი მშობლისათვის, მეუღლისათვის, შვილისათვის, დამატებით წარმოსადგენია – გარდაცვალების მოწმობა, სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ, გარდაცვლილი პირის დაბადების მოწმობა (მშობლის შემთხვევაში), ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში), დაბადების მოწმობა ან სასამართლო გადაწყვეტილება (შვილის შემთხვევაში);

როდის ინიშნება სოციალური პაკეტი?

სოციალური პაკეტის დანიშვნის თაობაზე განცხადებას სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებას სოციალური პაკეტის დანიშვნის/არდანიშვნის თაობაზე იღებს განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.

სოციალური პაკეტი ინიშნება:

  • განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობის თვეს ან ამ საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს;
  • სოციალური პაკეტის უფლების წარმოშობის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარდგენილია სოციალურ პაკეტზე უფლების წარმოშობამდე არა უმეტეს 10 კალენდარული დღით ადრე.

როგორ ხდება სოციალური პაკეტის გაცემა?

სოციალური პაკეტი გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. სოციალური პაკეტის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, გასაცემლის გამცემ საბანკო დაწესებულებაში ბენეფიციარის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

თრიალეთი TV