აქტიურად ვმუშაობთ, რომ სწავლა დაიწყოს კლასებში – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობენ, რომ სწავლა 4 ოქტომბრიდან კლასებში განახლდეს.

“დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, ყველა კრიტერიუმი ჩამოყალიბებულია და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ სწავლა დაიწყოს დასწრებული კლასებში. მხედველობაში მაქვს მე სკოლებში. […] მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და ამის სრულად მხარდამჭერი ჩვენი ცენტრი არის, რომ სწავლა აუცილებლად უნდა განახლდეს ოთხში”, — განაცხადა გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

გამყრელიძემ სკოლის მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ვაქცინაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“თუ გვინდა, რომ ბავშვმა ისწავლოს უსაფრთხო გარემოში, ამ შემთხვევაში მე მხედველობაში მაქვს კოვიდისგან უსაფრთხო გარემოში, სასურველია, რომ იყოს ირგვლივ იმუნური ფენა, ანუ მშობლებიც, ბებია-ბაბუებიც, თუ ისინი ერთად ცხოვრობენ, და მასწავლებლებიც იყვნენ აცრილი”, — თქვა მან.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სკოლებში 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. ასევე, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაღებს.

62 ნახვა
desktop
mobile catfish