დროა, ვისაც შეგიძლიათ, აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, მეც იგივეს ვაპირებ – სააკაშვილი ემიგრანტებს

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე მორიგ მიმართვას ავრცელებს, სადაც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ახლა ის გადამწყვეტი დროა, როდესაც “ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ”. სააკაშვილი მიმართვისას კვლავ იმეორებს, რომ საქართველოში ჩამოსვლას თავადაც აპირებს.

“მე მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს — ახლა არის დრო, ჩვენ ახლა შევხვდით კიდევ ფრანკფურტში ჩვენს ქართველებს, ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, იმიტომ, რომ ახლა წყდება საქართველოს ბედი, მე ეს ვიცი და მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას, და მეორე, ვისაც არ შეუძლია იმის გამო, რომ დოკუმენტები არ აქვს წესრიგში, სამსახური არ აძლევს ამის საშუალებას, დაურეკეთ თქვენს ახლობლებს, ნათესავებს და უთხარით, რომ მივიდნენ ყველანი არჩევნებზე”, — ამბობს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვა, თუმცა თარიღს ისევ არ აკონკრეტებს. მისი თქმით, თარიღსა და მარშრუტთან დაკავშირებით მოსახლეობას საქმის კურსში მაშინ ჩააყენებს, როცა ყველაფერი ხელთ ექნება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობს. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე დააანონსა 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებამდე. მას ზუსტი თარიღი არც აქამდე უთქვამს, თუმცა აცხადებდა, რომ პირობას შეასრულებდა და “რეფერენდუმის” წინ საქართველოში ჩამოვიდოდა.

თრიალეთი TV