ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების ფონზე, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლება შესაძლებელია, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია შესაბამისი რეგულაციების დაცვა და პირბადის ტარება. პედაგოგებისთვის, მთავარი რეკომენდაცია კვლავ ვაქცინაციაა.
„თანდათან, ქვეყანაში, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ, დამშვიდებისკენ მიდის. ბევრ რაიონსა და რეგიონში უკვე სიტუაცია ისეთია, რომ სწავლის დასწრებითი ფორმით დაწყება შეიძლება. დიდი პასუხისმგებლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასწავლებლებს. იმისთვის რომ სკოლა იყოს უსაფრთხო, თავად ოჯახი უნდა იყოს უსაფრთხო და აცრილი“, – აცხადებს ამირა გამყრელიძე.
საქართველოს მასშტაბით, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში აღდგენა 4 ოქტომბერს იგეგმება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 606 492 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 576 498, გარდაიცვალა 8 817 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.