გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში დღეს რიგით 102-ე შეხვედრა გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები იმ ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ, რომლებიც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამასთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებენ. განსახილველი საკითხები მოიცავს იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.