258 დევნილ ოჯახს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში მცხოვრებ 258 დევნილ ოჯახს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცემათ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთში, ბათუმში, ასევე წყალტუბოს, მცხეთის, ზუგდიდის, გორის, ხაშურის, სენაკის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხის, მარტვილის, ხონის, ზესტაფონის, დუშეთის, გარდაბნის, მარნეულის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

„დევნილი მოსახლეობის დახმარება და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და გამოწვევაა. ვფიქრობთ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება დადებითად წაადგება ამ ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ამ ქონებების უფრო რაციონალურად გამოყენებას“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ ამ ოჯახებისთვის ფართების დაკანონების შუამდგომლობით ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შუამდგომლობით მიმართა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. ეკონომიკის სამინისტრომ, განიხილა მათ მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოამზადა შესაბამისი განკარგულება და დასამტკიცებლად წარადგინა საქართველოს მთავრობის სხდომაზე.

საცხოვრებელი ბინები და ფართები 2012 წლიდან დღემდე 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

თრიალეთი TV