უკრაინულ მხარესთან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე არ ყოფილა საუბარი – გიორგი ზაქარაშვილი

უკრაინულმა მხარემ გამოხატა მადლიერება ქართული მხარის მიმართ, რომ მოხერხდა უკრაინის კონსულის დაშვება მიხეილ სააკაშვილთან. უკრაინულ მხარესთან სააკაშვილის ექსტრადიციაზე არ ყოფილა საუბარი, – ამის შესახებ „ქრონიკას“ უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა განუცხადა.

ამასთან უკრაინული მხარე დარწმუნებულია რომ დაცული იქნება მიხეილ სააკაშვილის უფლებები ყველა ასპექტში. „შესაბამისად მიიღო ჩვენი მზაობა და უკრაინული მხარე აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ დაცული იქნება როგორც საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, ისე საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები. ჩვენ გვესმის, რომ უკრაინული მხარე შეწუხებულია მისი მოქალაქის დაკავებით და ცხადია მათ შეკითხვებზე პასუხი გავეცით ჯერ კიდევ 1-ელ ოქტომბერს, როდესაც საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ბრძანდებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადასცა ყველა ის ინფორმაცია, ყველა ის მასალა რომელიც უკრაინის მხარეს სჭირდებოდა“- აღნიშნა ზაქარაშვილმა.

დიპლომატის თქმით, არანაირი გაუგებრობა სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების გამო ორ ქვეყანას შორის არ იქნება.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არანაირი პრობლემები, არანაირი ხინჯი ან გაუგებრობა საქართველო უკრაინის სტრატეგიულ ურთიერთობებში არ იქნება. უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა სწორედ ის განცხადება, როგორიც შეეფერებოდა უკრაინის პრეზიდენტს. მან გამოთქვა შეშფოთება და ინტერესი უკრაინის მოქალაქის ბედით, რომელიც დაკავებულია საზღვარგარეთ და ეს სრულიად ბუნებრივია და გასაგებია“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

ზაქარაშვილის განმარტებით, უკრაინულ მხარესთან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციაზე არ ყოფილა საუბარი. „დაკავებულის ექსტრადიცია ხდება მაშინ, როცა დანაშაული უკრაინის ტერიტორიაზე აქვს ჩადენილი. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოცხადებულია ძებნა“, – აღნიშნა ზაქარაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

16 ნახვა
desktop
mobile catfish