გამოიკვეთა მატების ტენდენცია, შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს — ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იმატებს და შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს.

“კლების ტენდენციის შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა დაახლოებით ერთი თვე, თვე-ნახევარი, ბოლო ერთი კვირაა გამოიკვეთა მკაფიოდ გამოხატული მატების ტენდენცია. ჯერჯერობით ეს მატება არ არის ისეთი დრამატული, როგორიც იყო მეოთხე ტალღის დროს, მაგრამ მაინც საკმარისია. 2 490 შემთხვევაა, რომელიც დაფიქსირდა გუშინ, ეს უკვე მაინც საკმაოდ ბევრია. გაიზარდა აქტიური ავადმყოფების რიცხვიც, რომელიც იყო 20 000-ზე ქვემოთ ჩამოსული,პიკის პერიოდში 60 000 აქტიური ავადმყოფი გვყავდა. ეს კატასტროფულად დიდი რიცხვი იყო, შემდეგ ნელნელა ჩამოსცდა 20 000-სს, ახლა 20 000-ს ისევ ასცდა ზემოთ.

შესაძლებელია, ეს იყოს მეხუთე ტალღის დასაწყისი, შესაძლებელია ეს იყოს დროებითი მოვლენა და შემდეგი პროგრესირება არ მოხდეს. ვეთანხმები იმათ, ვინც ამბობს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი გაირკვევა”, — აცხადებს ცერცვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 848, ხოლო გარდაიცვალა — 23 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 711 კვლევა ტესტით, მათ შორის, 11 033 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 678 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,64%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 6,25% ხოლო 7 დღის მანძილზე — 7,60%.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

37 ნახვა
desktop
mobile catfish