გრიპითა და კოვიდით ერთდროულად ინფიცირება გარდაცვალების რისკს ორჯერ ზრდის

ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსი და გრიპი ერთდროულად დაემართებათ, ორჯერ ეზრდებათ გარდაცვალების ალბათობა მათთან შედარებიც, ვინც მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირდებიან.

ამის შესახებ The Guardian-თან განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯენი ჰარისმა.

სამედიცინო სფეროს ექსპერტის თქმით, ზამთარში კორონავირუსი და გრიპი ერთდროულად იცირკულირებს და მოსახლეობას ორივე ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ჯენი ჰარისის თქმით, გრიპი ყოველ წელს სახიფათო ვირუსული ინფექციაა, თუმცა მოსახლეობა მას არ აღიქვამს ფატალურ დაავადებად. ამ ზამთარს კი დიდია რისკი, ადამიანები ერთდროულად დაავადდნენ როგორც კოვიდით, ასევე გრიპით. ჰარისის განცხადებით, ადრეული კვლევები აჩვენებს, რომ თუ ადამიანს ორივე ვირუსი ერთდროულად შეეყრება, ორჯერ იზრდება ფატალური გამოსავლის ალბათობა.

ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ყოველწლიურად ქვეყანაში გრიპით იღუპება საშუალოდ 11 000 ადამიანი.

მისი თქმით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა წელს ვირუსის ოთხი შტამის წინააღმდეგაა მიმართული:

“მნიშვნელოვანია ავიცრათ როგორც გრიპის, ასევე კორონავირუსის ვაქცინით. თუმცა, ამასთან, მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ჰიგიენის დაცვა და ყველა ის ზომა, რომელიც პანდემიის პირობებში თავდაცვისთვისაა საჭირო”, — აცხადებს ჰარისი.

როგორც გარდიანი წერს, ბრიტანეთში გრიპის ვაქცინით 35 მილიონი ადამიანის აცრა იგეგმება, აქედან 30 მილიონი ადამიანისთვის ვაქცინა უფასო იქნება. მათ შორის არიან ჯანდაცვის მუშაკები, ადამიანები 50 წელს ზემოთ და სკოლის მოსწავლეები 11 წლამდე. ამასთან, ორსული ქალები და პირები, რომლებსაც ჰოსპიტალიზება სჭირდებათ.

თრიალეთი TV